
რევაზ სოხაძემ და ზურაბ პატარიძემ აჭარაში ინფრასტრუქტურული განვითარების პრიორიტეტები განიხილეს
31 მაისი 2026საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და განვითარების პრიორიტეტები განიხილეს.
საუბარი შეეხო საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო და ურბანული განვითარების მიმართულებებს, მათ შორის ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციას, არდაგანის ტბის ტერიტორიის განახლებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ბათუმში მიმდინარე ურბანული განახლების პროექტებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესი, მათ შორის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომელიც აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავტობუსის მოსაცდელების, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების მოწყობა, ასევე მეწყრულ მონაკვეთებზე ფერდების გამაგრების, ჭაბურღილების ბურღვა-მოწყობისა და საყრდენი კედლების სამშენებლო სამუშაოები. 47 კმ-იანი მონაკვეთიდან 41 კმ-ზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი. დარჩენილი 6 კმ-დან 3 კმ-ზე დაგებულია ასფალტის პირველი ფენა, ხოლო ასფალტის საფარის გარეშე ამ დროისათის მხოლოდ 3 კმ-იანი მონაკვეთი რჩება.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან დეტალურად განვიხილეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს რეგიონში. საუბარი შეეხო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციას, რომელიც ქალაქის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასევე განვიხილეთ ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები - ახალი სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ურბანული განახლების პროექტები. ბათუმში აქტიურად გავაგრძელებთ ურბანული განვითარების პროექტების განხორციელებას, რათა ქალაქი კიდევ უფრო თანამედროვე, კომფორტული და მიმზიდველი გახდეს როგორც მოსახლეობისთვის, ისე სტუმრებისთვის“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სამინისტროსა და აჭარის მთავრობის კოორდინირებული მუშაობა რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტების დროულ განხორციელებას შეუწყობს ხელს.
„განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონშია დაგეგმილი — როგორც მაღალმთიან აჭარაში, ისე ქალაქ ბათუმში. დაგეგმილია ბულვარის სრული რეაბილიტაციისა და განვითარების პროექტის მომზადება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ასევე იგეგმება არდაგანის ტბის ტერიტორიის განახლება, ახალი შადრევნის მოწყობა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის უშუალო ჩართულობა და რეგიონში ვიზიტი ამ პროცესების კიდევ უფრო დაჩქარებას შეუწყობს ხელს და უახლოეს პერიოდში ჩვენი რეგიონის განვითარების მნიშვნელოვან შედეგებს ვიხილავთ“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
რევაზ სოხაძესა და ზურაბ პატარაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები მზია გიორგობიანი და ილია ბეგიაშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე.
